სი ძინპინი: კონფლიქტები და დაპირისპირებები, როგორიცაა უკრაინაში განვითარებული მოვლენები, არავის ინტერესებში არ შედის

ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს სატელეფონო საუბარში განუცხადა, რომ კონფლიქტები და დაპირისპირებები, როგორიცაა უკრაინაში განვითარებული მოვლენები, არავის ინტერესებში არ შედის. ამის შესახებ Reuters ჩინურ მედიაზე დაყრდნობით წერს.  თეთრ სახლს ამ თემაზე ოფიცილური ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებია. 

სახელმწიფოებს შორის ურთიერთობები ვერ გადავა დაპირისპირების სტადიაზე, ხოლო კონფლიქტები და დაპირისპირებები არავის ინტერესებში არ შედის, - განუცხადა სი ძინპინმა ბაიდენს.

სი ძინპინმა ასევე განაცხადა, რომ ჩინეთმა და შეერთებულმა შტატებმა უნდა წარმართონ ორმხრივი ურთიერთობები სწორი მიმართულებით და ორივე მხარემ უნდა აიღოს სათანადო საერთაშორისო პასუხისმგებლობა და ძალისხმევა გაწიოს მსოფლიოში მშვიდობისთვის. „უკრაინის კრიზისი არ არის ის, რისი დანახვაც გვინდა“, - აღნიშნა ჩინეთის ლიდერმა. 

ამ სატელეფონო საუბრის წინა დღეს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, განაცხადა, რომ ბაიდენი სის განუმარტავს, რომ „ჩინეთს დაეკისრება პასუხისმგებლობა ყველა ქმედებისთვის", რომლითაც ის "დაუჭერს მხარს რუსეთის აგრესიას" და "ჩვენ უკან არ დავიხევთ, ზომები მივიღოთ“.

ცნობისთვის, პეკინი უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დაგმობისგან თავს იკავებს და მას „შეჭრას“ არ უწოდებს, მაგრამ შექმნილი ვითარების მოლაპარაკების გზით გადაწყვეტისკენ მოუწოდებს. ჩინეთი იმ 35 ქვეყანას შორისაა, რომლებმაც გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციისთვის - „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“ ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს.

დღეს ჩინეთის ლიდერსა და აშშ-ის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. 

ასევე წაიკითხეთ

აშშ-მ თავის მოკავშირეებს აცნობა, რომ ჩინეთი მზადაა, რუსეთს სამხედრო დახმარება მიაწოდოს - Reuters

ჯეიკ სალივანის თქმით, აშშ არ დაუშვებს, რომ ეკონომიკური სანქციებისგან თავის დასაღწევად, რომელიმე ქვეყანამ რუსეთისთვის „მაშველი რგოლის“ ფუნქცია შეასრულოს

აშშ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი გააკრიტიკა

კრემლი ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის ერთობლივ განცხადებას ავრცელებს